მშობლებისთვის

მშობლები

რა არის ბულინგი

ბულინგი არის თანატოლთა შორის ძალადობისა და ჩაგვრის ერთ-ერთი ფორმა. რა თქმა უნდა, ყველა ძალადობრივ ქცევას ვერ დავარქმევთ ბულინგს და არ არის აუცილებელი, ყველა ბულინგის ქცევა შეიცავდეს ძალადობას. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ბულინგი შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ადგილას და, ამასთან ერთად, არაერთი ფორმით. ბულინგში შეიძლება გავაერთიანოთ ქმედებები, დაწყებული ჭორების (ცრუ ამბების გავრცელებიდან) გავრცელებიდან და სიტყვიერი შეურაცხყოფიდან, დამთავრებული ფიზიკური ძალადობით.

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება მაშინ, როცა ჩვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია და მაშინაც, როდესაც ჩვენი შვილი თავად არის ბულერი.

თუ ხარ ბულინგის მსხვერპლი

სანამ უშუალოდ ნაბიჯებზე და რჩევებზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რომ ბავშვებსაც და მოზარდებსაც ძალიან უჭირთ საუბარი ბულინგის შესახებ. მათ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იმისთვის, რომ ისაუბრონ ბულინგზე, განსაკუთრებით კი მშობლებთან. ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე რჩევას, რომელიც შესაძლებელია გამოსადეგი იყოს მოცემულ შემთხვევაში:

  • პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვიყოთ ძალიან კარგი მსმენელები, მოვუსმინოთ შვილებს გულდასმით და დეტალურად მივიღოთ ინფორმაცია ყველაფრის შესახებ.
  • მნიშვნელოვანია, საუბრის დროს შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ გავბრაზდეთ და ვაკონტროლოთ საკუთარი ემოციები და გრძნობები, რათა ეს არ გახდეს ჩვენი შვილების დათრგუნვის მიზეზი.
  • უნდა ვეცადოთ ავუხსნათ ბავშვებს, თუ რა არის ბულინგი და რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი.
  • ასევე მნიშვნელოვანია შვილებს ავუხსნათ, რომ ისინი არაფერ შუაში არიან და მათი ბრალი არ არის ის, რომ გახდნენ ბულინგის მსხვერპლნი.
  • აუცილებელია ბავშვებს ავუხსნათ, რომ შურისძიება არ არის გამოსავალი.
  • მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მივცეთ მდგომარეობასთან დამოუკიდებლად გამკლავების საშუალება და შევეცადოთ ზედმეტად არ ჩავერიოთ სიტუაციაში. მაგალითად, ვკითხოთ, თუ რა არის მისი გეგმა, როგორ აპირებს გაუმკლავდეს პრობლემას და რაში დასჭირდება მას ჩვენი დახმარება. 
  • არ უნდა მივცეთ ჩვენს შვილებს უფლება, რომ ბულინგის შემთხვევამ მათი ცხოვრება წარმართოს, უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა აქტივობებსა და ჯგუფებში ჩართულობა, სადაც ისინი შეძლებენ ახალი უნარების დაუფლებას და ახალი მეგობერბის შეძენას, რაც დიდი ალბათობით მათ დაეხმარება გაძლიერებასა და ცხოვრების სხვა მიზნების დანახვაში.
  • თუ თავადაც ვიყავით ბავშვობაში ან ზრდასრულ ასაკში ბულინგის მსხვერპლი, სასურველია გავუზიაროთ მათ ეს ისტორია და მოვუყვეთ, თუ როგორ გადავლახეთ ესა თუ ის პრობლემა.

გარდა იმისა, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს შვილებს ბულინგის შემთხვევის გადალახვაში, მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის საკითხებიც, თუ რა არ უნდა მოვიმოქმედოთ მაშინ, როდესაც გავიგებთ, რომ ჩვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია:

  • მნიშვნელოვანია ჩვენს შვილებს არ მოვუწოდოთ შურისძიებისკენ. არ უნდა ვუბიძგოთ შვილებს იმისკენ, რომ ისე მოექცეს ბულერს, როგორც ბულერი ექცევა მას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ უნდა ვუბიძგოთ შვილებს მიმართონ ზედმეტსახელებითა და აგრესიით ბულერებს.
  • ასევე თავი უნდა შეივიკავოთ ბულერის მშობლებთან, დამრიგებლებთან საუბრისგან, რადგან შესაძლებელია მსგავსმა ქმედებებმა დაამძიმოს სიტუაცია და უფრო დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს ბავშვებს შორის.

თუ შენი მეგობარი ბულინგის მსხვერპლია

რა თქმა უნდა, არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ მისი შვილი იყოს ბულერი. რა თქმა უნდა, ამის გამოსწორებაც შესაძლებელია. როგორც კი შევიტყობთ, რომ ჩვენი შვილი არის ბულინგის გამტარებელი, ჩვენ მას მაშინვე უნდა გავესაუბროთ და არ უნდა მოვიტოვოთ ეს შემდეგისთვის:

  • მნიშვნელოვანია ჩავწვდეთ ბულინგის მიზეზებს, რატომ არის ჩვენი შვილი ბულერი? არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ბავშვი იყოს ბულერი, მაგალითად:
    • მას სურს გაერთიანდეს ისეთ სამეგობრო წრეში, რომელში შემავალი ადამიანებიც არიან ბულერები და რომლებიც აბულინგებენ რომელიმე, ჯგუფს გარეთ მდგომ, ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს
    • ის თავად არის ოჯახში ბულინგის მსხვერპლი და სკოლაში ან სხვადასხვა დაწესებულებებში ცდილობს ძალაუფლების აღდგენას, რომელიც ოჯახის პირობებში ერთმევა
    • ბავშვს აქვს სურვილი, რომ მასწავლებლებმა, მშობლებმა და თანაკლასელებმა მას ყურადღება მიაქციონ და მისი აზრით ბულინგი არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციოს
    • შესაძლებელია ის სხვების ქცევას აღიქვამდეს მტურლად, როდესაც ეს რეალურად ასე არ არის, და იგივეთი პასუხობდეს მათ (ქცევებს)
    • ბულინგის გატარების ერთ-ერთ მიზეზად მოზარდებში და ბავშვებში შესაძლებელია ასევე წარმოადგენდეს ის, რომ მათ არ ესმით და ვერ იაზრებენ იმ შედეგებს, რომლებიც შეიძლება ბულინგს მოჰყვეს, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ვერ იაზრებენ, რომ ზიანს აყენებენ სხვებს.
    • მიზეზებში ხშირად შეიძლება დაბალი თვითშეფასებაც მოხვდეს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვებსა და მოზარდებს ურჩევნიათ იყვნენ შემჩნეულები, თუნდაც ნეგატიურად, ვიდრე ადამიანებმა სრულიად არ იცოდნენ მათი არსებობის შესახებ.
  • მას შემდეგ, რაც გავარკვევთ იმის მიზეზს, თუ რატომ არის ჩვენი შვილი ბულერი, მნიშვნელოვანია დეტალურად ვესაუბროთ მას ბულინგის თემატიკაზე. უნდა ავუხსნათ, თუ რა არის ბულინგი, რატომ არის საზიანო ის არამარტო სხვებისთვის არამედ საკუთარი თვისთვისაც.
  • ასევე მნიშვნელოვანია, შვილებთან საუბრისას შევინარჩუნოთ სიმშვიდე, მიუხედავად იმისა ვგრძნობთ თუ არა იმედგაცრუებას მათ მიერ განხორციელებლი ქცევების გამო.
  • სასურველია არ შევაწყვეტინოთ მათ საუბარი და არ გავაგრიტიკოთ ისინი.
  • მნიშვნელოვანია, რომ გავამხნევოთ ჩვენი შვილები, ავუხსნათ ყველაფერი დეტალურად, ავუხსნათ რატომ არის მათი ქმედებები არასწორი და დავეხმაროთ მას ქცევების გამოსწორებაში და არსებული პრობლემების მოგვარებაში.