როგორ გავუმკლავდეთ კიბერ ბულინგს და როგორ ვიყოთ უსაფრთხოდ ონლაინ სივრცეში

12 ნოე 2019  2552 ნახვა
ავტორი: StopBullying

ბულინგი, დაჩაგვრა და შევიწროება არ ხდება მხოლოდ ვერბალური კომუნიკაციისას. ისეთი ქმედებები, როგორებიცაა ხმების გავრცელება, ჭორაობა, დაშინება და შეურაცხყოფის მიყენება, შესაძლოა ონლაინ სივრცეშიც მოხდეს და ეს კიბერბულინგად ითვლება.  
 
კიბერბულინგი შეიძლება მოხდეს სოციალური მედიის, მესიჯების, ელექტრონული მეილების, ბლოგებისა და სხვა ციფრული წყაროების საშუალებით. კიბერბულინგის, როგორც გლობალური პრობლემის, მოგვარებას უამრავი ადამიანი ცდილობს, მათ შორის ალბათ შენც.  
 
კიბერბულინგი ბულინგის ერთ-ერთი მიმართულებაა და გულისხმობს ტექნოლოგიის გამოყენებას ვინმეს დასაშინებლად, ზიანის მისაყენებლად ან დასამცირებლად. კიბერბულინგი მოიცავს: 

  • დამაშინებელი ან ბოროტი შინაარსის მქონე მესიჯებისა და მეილების გაგზავნას  
  • სხვისი დამამცირებელი ფოტოების ან კომენტარების ატვირთვას 
  • ადამიანის დაცინვის მიზნით საიტის შექმნას 
  • სხვის სოციალურ მედიაზე შეურაცხყოფის შემცველი ტექსტის დაპოსტვას 
  • სხვის დასაცინად სოციალურ მედიაზე ყალბი ანგარიშის შექმნას  
  • საიდუმლოებებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტში 
  • ონლაინ ვიდეო თამაშის დროს სხვების დაჩაგვრას 
  • ჩუმად სხვისი ვიდეო ჩანაწერის გაკეთებასა და სოციალურ მედიაზე გაზიარებას 
     

რატომ არის კიბერბულინგი საზიანო? 

ბულინგის ნებისმიერი ფორმა საზიანოა, თუმცაღა კიბერბულინგი შესაძლოა განსაკუთრებით საშიში იყოს, რადგანაც: 

  • უფრო მარტივია: ადამიანი, რომელიც ახორციელებს კიბერბულინგს (ბულერი), ვერ ხედავს ადრესატს და ვერც ადრესატის მიერაა იგი დანახული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უჭირს სხვისთვის მიყენებული ზიანის სათანადოდ აღქმა. უფრო მარტივია საკუთარი ქმედებების შედეგების დაიგნორება და უვნებელ ხუმრობად ჩათვლა.  
  • უფრო თვალსაჩინოა: კიბერბულინგს უფრო ფართო აუდიტორია ჰყავს, ვიდრე პირისპირ მომხდარ ბულინგს. თუ ვინმე შენზე გააზიარებს რაიმე ისეთს, რასაც მთელი შენი სამეგობრო წრე ნახავს, მეტად საზიანოა, ვიდრე პირისპირ ნათქვამი. 
  • ის თანსდევს ადამიანს: რადგანაც მობილური ტელეფონი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, კიბერბულინგი ადამიანს თანსდევს ნებისმიერ ადგილას - თუნდაც ისეთ უსაფრთხო ადგილას, როგორიც სახლია. 

რა არის კიბერბულინგში განსხვავებული? 
 
კიბერბულინგი პირისპირ მომხდარი ბულინგისაგან განსხვავდება, რადგანაც: 

  • შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და სწრაფად გავრცელდეს 
  • მისი გაზიარება ხდება უფრო ფართო აუდიტორიასთან 
  • მისი შეჩერება შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს 

თუ მე განვიცდი კიბერბულინგს 


თუ შენ განიცდი კიბერბულინგს, ამან შეიძლება ზიანი მოგაყენოს და დაგიტოვოს გრძნობა, რომ ხარ განმარტოებული, დამცირებული, დაბნეული და შეშინებული. თუნდაც დიდი დრო სჭირდებოდეს სიტუაციის გაუმჯობესებას, შენ გაქვს ძალა, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდე. 
  
კიბერბულინგი შესაძლოა გამოგყვეს სახლში და გქონდეს შეგრძნება, რომ ვერსად გაექცევი მომხდარს. ბუნებრივია, რომ თავი მარტოდ იგრძნო, თუმცაღა იმედი არ დაკარგო. არსებობს შესაბამისი ზომები, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარება. 
  
როგორ მოვიქცე, თუ ვარ კიბერბულინგის მსხვერპლი 
  
თუ შენზე კიბერბულინგის მცდელობა ყოფილა, პირველი ინსტინქტი შეიძლება იყოს იმ წამსვე რეაგირება. თუმცაღა მნიშვნელოვანია პაუზის გაკეთება და მაშინვე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავება. მონაწერისა თუ პოსტის მაშინვე წაშლის მაგიერ, გადაუღე სურათი, რომ შეძლო შევიწროების ფაქტის დადასტურება. თუ მიიღე შეურაცხმყოფელი მესიჯი ტელეფონზე ან სოციალური მედიის საშუალებით, დაბლოკე ის ადამიანი, რომელმაც ეს გამოგიგზავნა.  
 
აგრეთვე შეგიძლია სცადო ამ თემაზე ისეთ ადამიანს დაელაპარაკო, რომელსაც ენდობი და რომელიც დაგეხმარება გამოსავლის მოძებნაში. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარება: 

  • დაფიქრდი შენს გრძნობებზე: გჭირდება მორალური მხარდაჭერა? ვინმე, ვინც დაგეხმარება იმის გადაწყვეტაში, თუ რა გააკეთო შემდგომ? ვინმე, ვინც დაელაპარაკება შენს სკოლას ან პოლიციას? როდესაც გეცოდინება, თუ რა დაგეხმარება ამ მომენტში ყველაზე მეტად, უფრო გაგიმარტივდება იმ ადამიანის არჩევა, რომელსაც დაელაპარაკები. 
  • იპოვე შესაფერისი ადამიანი: თუკი პირველი ადამიანი, რომელსაც დაელაპარაკები, ვერ დაგეხმარა, უთხარი სხვას. იმგვარი ადამიანის მოძებნას, რომელიც შეძლებს შენს დახმარებას, რამდენიმე ცდა სჭირდება. 
  • ისაუბრე: იყავი გულახდილი იმ ადამიანთან, ვისაც გადაწყვეტ, რომ დაელაპარაკო. თუ უბრალოდ გჭირდება ვინმე, რომ მოგისმინოს, უთხარი ეს მას. თუკი ჯერ მზად არ ხარ ღიად ისაუბრო მომხდარზე, ესეც აუხსენი მას. 
  • ითხოვე დახმარება: თუ მზად ხარ ხმამაღლა ისაუბრო შეურაცხყოფის ან შევიწროვების შესახებ და ამის გასაკეთებლად დახმარება გესაჭიროება, გასაგებად ახსენი, რომ ეს ის არის, რისი გაკეთებაც გსურს. აქვე ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას, რომ ანონიმურად მოგვიყვეთ ჩვენს პორტალზე (ლინკი) თქვენი ისტორიის შესახებ და უმოკლეს დროში ჩვენი ფსიქოლოგი პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად გიპასუხებთ.  
  • დაუკავშირდი პოლიციას: თუ ფიზიკურად გაშინებენ, ან თუ უსაფრთხოდ არ გრძნობ თავს, შეგიძლია დაურეკო შესაბამის სამსახურს, მაგალითად 112.... 

როგორ დავრჩე უსაფრთხოდ ონლაინ 
  
შემდეგი რჩევები დაგეხმარება კიბერბულინგისაგან საკუთარი თავის დაცვაში და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში: 

  • შეინახე პაროლი საიდუმლოდ, შენი მეგობრებისგანაც კი
  • გაეცანი კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და დარეპორტების საშუალებებს სოციალურ მედიაზე 
  • დაუკვირდი რას დადებ და გააზიარებ სოციალურ მედიაში 

როგორ მოვიქცე თუ ვარ კიბერბულინგის მოწმე
 

ნებისმიერ დროს, როდესაც შენ ხედავ შეურაცხმყოფელ კომენტარს, დამამცირებელ ფოტოს, ან მიჰყვები ლინკს ვებ გვერდზე, რომელიც სხვის დასაცინად ან დასაჩაგვრადაა შექმნილი, შენ ხარ კიბერბულინგის მოწმე. 
  
ისევე, როგორც პირისპირი ბულინგის დროს, როდესაც ხედავ ადამიანს, რომელიც კიბერბულინგის მსხვერპლია, შენ გაქვს მოვალეობა, რომ დაეხმარო მას და შეაჩერო ძალადობა.  
  
კიბერბულინგის დარეპორტება 
  
ადამიანები, რომლებიც ეწევიან კიბერბულინგს, ხშირად არიან იმ აზრით მოტივირებულნი, რომ სხვები დადებითად შეუფასებენ მის ქმედებას ან იფიქრებენ, რომ სასაცილოა. ამ ადამიანისთვის ხმამაღლა თქმა, რომ მისი საქციელი არ არის კარგი, შესაძლოა დაეხმაროს მას კიბერბულინგის შეწყვეტაში. 
  
თუ ფიქრობ, რომ ასე მოქცევა უსაფრთხო იქნება, პრობლემის გადაჭრა შეგიძლია იმ ადამიანებთან მიწერით, რომლებიც ახორციელებენ კიბერბულინგს. გააგებინე მათ, რომ რასაც ისინი აკეთებენ არასწორია, ან რომ შენ ამის გამო ნაწყენი ხარ. 
  
თუ კონტენტი სოციალურ მედიაზეა, შეგიძლია მოცემული პოსტი გაასაჩივრო, როგორც შეუსაბამო შინაარსის მქონე და მოითხოვო მისი წაშლა. 
  
როგორ დავეხმარო ადამიანს, რომელიც განიცდის კიბერბულინგს 
  
იმ ადამიანის დახმარება, რომელიც კიბერბულინგის მსხვერპლია, შესაძლოა რთული იყოს. როგორც ადამიანს, ვისაც ადარდებს ეს პრობლემა, შეგიძლია ბულინგის მსხვერპლ ადამიანს მეგობრობით დაეხმარო. გამოეხმაურე მას და ჰკითხე, თუ როგორ გრძნობს თავს, შეახსენე, რომ მის გვერდით ხარ და რომ მომხდარი მისი ბრალი არ არის.  

ავტორი: StopBullying

გააზიარე: